|
ჩვენ შესახებ
პირველი რიგის (საპილოტე) პროფესიული სწავლების სხვა ცენტრებთან ერთად შეიქმნა და უკვე მესამე წელია მუშაობს „ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი“.
თანამედროვე პირობებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დონის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, იგი თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც ჩვენს ქვეყანაში ახლად შექმნილი და აღორძინების გზაზე შემდგარი პროფესიული განათლების მთელი სფეროს ფლაგმანი, რისთვისაც უამრავი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. სასწავლებლის ახალგაზრდა კოლექტივმა იმთავითვე გაბედულად მიიღო ის გამოწვევები, რომლებიც ახალმა დრომ და სახელმწიფო ინტერესებმა დაუყენა მას და დღემდე ამ სულისკვეთებით აგრძელებს წინსვლას. კერძოდ: ჩვენს მიერ შეიქმნა და მუმდივად იხვეწება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროს ევროპული მოთხოვნების დონის სასწავლო პროგრამები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება პროფესიული სწავლების სხვა ცენტრებში და აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიც; პერიოდულად ვუტარებთ ტრეინინგებს სხვა სასწავლო ცენტრების პედაგოგებს და ვუზრუნველყოფთ მათ შესაბამისი სასწავლომეთოდოლოგიური მასალებით;
ჩვენთან ფუნქციონირებს ელექტრონული და დისტანციური სწავლების სისტემა (moodle.ge), რომელიც უცხოელი ექსპერტების შეფასებით მოწინავეა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ამ სერვერზე თავმოყრილი სასწავლო და სატესტო მასალები ხელმისაწვდომია არამარტო ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებისათვის;წელს, საქართველოს განათლების სისტემაში პირველად, სწორედ ჩვენს ცენტრში განხორციელდა აბიტურიენტების მიღება რეალური დროის (online) რეჟიმში ელექ-ტრონული ტესტირების საშუალებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა სამინისტროს აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელობისა და სხვა მნახველთა მხრიდან. ეს გვაძლევს გამბედაობას გამოვთქვათ აზრი, რომ ჩვენი გამოცდილება დაინერგოს და მომავალში გამოყენებული იქნეს პროფესიული განათლების სისტემაში მთლიანად:
ჩვენი ცენტრი კოორდინაციას უწევს პროფესიული განათლების მთელი სფეროს ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბების საკითხებს. მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ვებ. პორტალის და მასში შემავალი ცალკეული ცენტრების ვებ. გვერდების, აგრეთვე ელექტრონული ჟურნალისა და სხვა ავტომატიზებული სისტემების შექმნასა და დანერგვაზე;
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გასულ წელს „დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის“ ფარგლებში ყველაზე მეტმა ადამიანმა (561) სწორედ ჩვენთან გაიარა პროფესიული გადამზადება; დამყარებული გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეროვნული ბანკი, „გაერთიანებული ტელეკომი“, „მაგთიკომი“, „ალტა“, „ორიენტ ლოჯიკი“ და სხვა მრავალი. ამ თანამშრომლობის შედეგად ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ სრულყოფილი სასწავლოსაწარმოო პრაქტიკა და ჩამოყალიბდნენ კონკუტენტუნარიან სპეციალისტებად. მარტო გასულ წელს ღირსეულად დასაქმდა 105 ჩვენი კურსდამთავრებული; განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისი კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ჩვენი ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს „კარიერის დაგეგმვის სამსახური“, რომელიც მთელი განათლების სისტემისათვის ამზადებს კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებს, რაშიც ჩვენი მხრიდან აქვს ყოველმხრივი მხარდაჭერა;
ჩვენი სასწავლებლის ბაზაზე მოქმედი “CISCO”-ს რეგიონული აკადემია გახლავთ ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგან, რომელიც მის საერთაშორისო სახელს განაპირობებს. ჩვენი ძალისხმევით მომზადდა, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინსტრისა და “CISCO”-ს ევროპული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ ხელმოსაწერად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის გაფორმებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ჰოლანდიაში;
2007 წლის 2 ივნისიდან „ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი“ რეგისტრირებულია „UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრად;
ამ გაზაფხულზე „UNESCO“-ს მიერ დაგეგმილია ჩვენი ცენტრის ბაზაზე, ამიერკავკასიაში პირველი „ECDL” ცენტრის დაფუძნება, რაც საშუალებას მოგვცემს შემოვიტანოთ და დავამკვიდროთ ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში ევროპაში აღიარებული სწავლების სტანდარტი;
„ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი“, რომელიც ამზადებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროს თანამედროვე დონის ტექნიკურ პერსონალს, სერიოზულ კონკურენციას უწევს საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობას. ჩვენ ვიძლევით საფუძვლიან ცოდნას.
|