2021 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში

202წლის საქმიანობის ანგარიში

ერთწლიანი გეგმის მონიტორინგის შედეგი

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2021 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგს. მასში ასახულია ის ძირითადი საქმიანობა, რომელიც სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ განხორციელდა.

*კოლეჯის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ჯამში მოიცავდა 5 მიზანს.

მიზანი N1 - 2021 წლის პერიოდში შესრულდა პროგრამების შემუშავების და განვითარების გეგმა: კერძოდ, კოლეჯმა მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ და „ინფორმაციის ტექნოლოგია“ დუალური მიდგომით განხორციელების უფლება. ასევე, „ვებტექნოლოგიების“ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობა არსებული ქვოტის ფარგლებში გაიზარდა და განისაზღვრა 84 პროფესიული სტუდენტით. კოლეჯმა გაგზავნა განაცხადები „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“-ის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებისთვის უფლების მოპოვების მიზნით. ამასთანავე, შევიდა ცვლილებები პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“, „ინფორმაციის ტექნოლოგია“ და „ვებტექნოლოგიები“ ჩარჩო დოკუმენტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

მიზანი N2 - პროფორიენტაციის და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით განხორციელდა აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური სტუდენტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის კოლეჯისა და შეთავაზებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ვებგვერდის, სოციალური მედიის გვერდების და ასევე შეხვედრების და ონლაინ ჩართვების ფორმით.

2021 წელს სსიპ კოლეჯ ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა'' და კომპანია „Sweeft Digital“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულთა სტაჟირებას და შემდგომ დასაქმებას Sweeft Digital-ის გუნდში.

დამატებით, გაფორმდა მემორანდუმები ისეთ ორგანიზაციებსა და კომპანიებთან, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს“, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“, სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „Cloud 9”, შპს „გლობუსი“, შპს „ვივა სოლუშენს“, შპს „IT Craft”.

უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“ ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა MASHAV-ის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი ,,სამეწარმეო პოტენციალის და განათლების გაძლიერება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში”. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების სამეწარმეო ინიციატივების, მათი სამეწარმეო შესაძლებლობების ამაღლება.

კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო განათლების XI საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ონლაინ გაიმართა.

მიზანი N3 - სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კოლეჯში მოეწყო ლაბორატორიები ინტეგრირებული მოდულებისთვის - მეცნიერება და ტექნოლოგიები.ასევე, განხორციელდა პროგრამების შესაბამისი აპარატურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსება-განახლება.

მიზანი N4 - სტუდენტების, მსმენელების და კურსდამთავრებულების კმაყოფილების ზრდის მიზნით 2021 წლის მიღების ყველა პროფესიული სტუდენტისთვის შეიქმნა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ელ-ფოსტები კოლეჯის დომეინის ბაზაზე. ჩატარდა ამავე მიღების პროფესიული სტუდენტების გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მიზანშეწონილია კოლეჯისთვის ახალი ვებგვერდის შექმნა. დაიწყო ახალი ვებგვერდის ქართულ და ინგლისურ ვერსიებზე მუშაობა. ასევე, ჩატარდა კოლეჯის კურსდამთავრებულების გამოკითხვა. გამოიკითხა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემების“ კურსდამთავრებულები და გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათგან ნახევარზე მეტი დასაქმებულია კოლეჯში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2021 წლის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე აქტივობა პროფესიული სტუდენტების წახალისების მიზნით, კერძოდ,  ვებტექნოლოგიების (ინტეგრირებული) ჯგუფების მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ინტეგრირებული მოდულის „მოქალაქეობის“ ფარგლებში. ინტეგრირებული მოდულის - „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“ ფარგლებში მათ ასევე მოამზადეს და წარმოადგინეს გაზეთები, შესაბამისი სტატიები საინტერესო თემებით, მსჯელობით, კოლაჟებითა და გაფორმებით.

ჩატარდა შეხვედრები დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, როგორიცაა კომპანია “SOLVIT” და „Cool Group”.

მიზანი N5 - ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით ჩატარდა და გაანალიზდა პერსონალის კვლევა დასაქმებულთა ინტერესების, საჭიროებების, კმაყოფილებისა იდენტიფიცირების მიზნით. ადამიანური რესურსების მენეჯერისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით მოხდა გამოკითხვის შედეგების ანალიზი და ინტერპრეტირება. 2022 წლისთვის დაიგეგმა სხვადასხვა სახის მასტერკლასების განხორციელებაკოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.